სოციალური დისტანცია




პროქსემიკა ეთნოლოგიის ის სფეროა, რომელიც ადამიანებს შორის დამოკიდებულებებს აღწერს მათი ერთმანეთის მიმართ სივრცული მიმართებების მეშვეობით.

ფსიქოლოგიური დისტანცია - ესაა ადამიანთა განკერძოებულობის რაღაც დონე, რომელიც ჩვეულებრივ, იმ სირთულეთა რაოდენობაზე მსჯელობით გამოიხატება, რომელიც ურთიერთქმედებაში ჩნდება.

სოციალური დისტანცია ასახავს საზოგადოებაში ინდივიდებსა და ჯგუფებს შორის დაშორებულობის ხარისხს.

სოციალური და ფსიქოლოგიური დისტანციის ცნებები საკმაოდ რთული ცნებებია. ისინი ასახავს პირადი და სოციალური ურთიერთქმედების მოდელს; ადამიანებსა და სოციალურ ჯგუფებს შორის სიახლოვის, ერთმანეთის ღირებულებებისა და იდეალების მიმართ ორმხრივი სიმპათიების ხარისხს.

ფსიქოლოგიურ და სოციალურ დისტანციას შემდეგი ინდიკატორები აქვს:

1. საზოგადოების რომელი ფენაა მისაწვდომი სხვა ფენის ადამიანისა თუ ჯგუფებისთვის;

2. უთანასწორობის შინაგანი შეგრძნება, რომელიც ინდივიდს ან ჯგუფსა აქვს საზოგადოების რაღაც ნაწილის მიმართ- ჩვეულებრივ, მისი ინდიკატორია ის, თუ რამდენად სიამოვნებს ადამიანს სხვა ადამიანთან (ფსიქოლოგიური დისტანცია) ან სხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელთან (სოციალური დისტანცია) ურთიერთობა.

ძალზე ხშირად სოციალურ მეცნიერებებში გამოიყენება ტერმინები „ჰორიზონტალური დისტანცია“ და „ვერტიკალური დისტანცია“ იმის აღსანიშნავად, ადამიანები ერთი და იგივე სოციალურ-ეკონომიურ კლასებს ეკუთვნიან თუ სხვადასხვას (Большой толковый психологический словарь. 2000 გვ. 284; 247).

აღმოჩნდა, რომ Self-ის კულტურული ტიპი სივრცითი მიმართებებით ასახავს კულტურის თავსებურებებს. ასევე ნაყოფიერი აღმოჩნდა კულტურული სპეციფიკის გამოსავლენად სოციალური დისტანციის ცნებაც.

ჰოლლი არჩევს 4 სივრცულ ზონას, რომელიც პირადი ურთიერთობისას ჩნდება:

ინტიმური დისტანცია - 45 სმ მანძილზე, ესაა იმ მცირე რაოდენობის სოციალურ კონტაქტებში, სადაც დაშვებულია რეგულარული შეხება. ამ ზონაში ურთიერთობენ მშობლები და შვილები, აგრეთვე შეყვარებულები;

პიროვნული დისტანცია (45-120 სმ), ესაა დისტანცია მეგობრებსა და კარგ ნაცნობებს შორის, აქ ინტიმურობა დაშვებულია, მაგრამ - შეზღუდული;

სოციალური დისტანცია (120-360 სმ), რომელიც ჩნდება ფორმალური ურთიერთობის (მაგალითად, ინტერვიუს) დროს;

„სახალხო“ დისტანცია (360 სმ)- დისტანცია აუდიტორიის წინაშე გამოსვლის დროს.

როცა დისტანციის ამ დასაშვებობას არღვევენ და ხელყოფენ, ადამიანი თავს იცავს - ცქმუტავს, იშმუშნება, უკან იხევს და მსგავსი; თუ მეორე ადამიანი ძალზე ახლო მანძილზე დგება, ადამიანი, როგორც წესი, რაღაც ფიზიკური საზღვრის მსგავსს ქმნის (Гиденс 1997; გვ. 108)

მიუხედავად იმისა, რომ მოძღვრება პროქსემიკასა და კულტურის ტიპს შორის კავშირის შესახებ ჯერ კიდევ დაუმუშავებელია, კვლევებით აშკარად ვლინდება, რომ ფიზიკური სიახლოვე ყველა კულტურაში ერთნაირად არ აღიქმება - მას რეალურად გააჩნია კულტურების თვალსაზრისით სრულიად სხვადასხვაგვარი სემანტიკა.

მაგალითად, არაბებისთვის და ლათინური ამერიკის ხალხებისთვის სიახლოვე ინტიმურობის გამომხატველია, დასავლეთ აზიაში კი სოციალურ იერარქიაში განსხვავებულობის მოხსნის სიგნალს წარმოადგენს.

Triandis - აღნიშნავს, რომ განსხვავებულ სოციალურ ჯგუფებს გამოცდილებაში ეძლევათ სოციალური დისტანცია. სოციალურ დისტანციაზე გავლენას ახდენს ნორმები, წარმოდგენები სწორ და არასწორ ქცევებზე. მაგალითად, იგი წერს, ნეპალელს თუ არ იცნობ, ან ნეიტრალური ხარ მის მიმართ, ან - არაობიექტური; თუ იცნობ, მაშინ უფრო რაციონალურად მსჯელობ და მიზიდულობაც მის მიმართ იზრდება. როცა ჯგუფები ერთმანეთისგან ძალაუფლების ფლობის მიხედვით განსხვავდება, ან ერთი მეორეს ჩაგრავს, სოციალური დისტანცია გვევლინება მექანიზმად ჯგუფებისთვის ადგილოს მისაჩენად (Triandis; 1994; გვ. 257-258).

არავერბალური ქცევა კულტურის ძალზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია. თვალებით ქცევა, რომელიც არავერბალური ქცევის ნაირსახეობას წარმოადგენს, ოპტიკო-კინეტიკურ ნიშანთა სისტემაზე დაფუძნებული ელემენტია და ფაქიზად განსაზღვრავს კულტურული ურთიერთობის ნიუანსებს - ზოგ კულტურაში მას მეტი მნიშვნელობა აქვს, ზოგში - ნაკლები.

მაგალითად, არაბებთან, ინდოელებთან, პაკისტანელებთან ახლო მხედველობითი კონტაქტი დადებითი სემანტიკის მქონეა, დასავლეთ აზიასა და აფრიკაში კი - დაუმორჩილებლობის და სიბრაზის გამოხატულებაა.

არაბ და ამერიკელ სტუდენტებზე დაკვირვებამ, რომლებიც წყვილებად იდგნენ და ერთმანეთთან მეგობრულად საუბრობდნენ, გამოავლინა საინტერესო თავისებურებები: ამერიკელებთან შედარებით, არაბები პირდაპირ უყურებენ ერთმანეთს, უფრო ახლოს სხედან ერთმანეთთან, უფრო ახლო მხედველობით კონტაქტში არიან და უფრო ხმამაღლა საუბრობენ.

Waston-მა ეს ექსპერიმენტი კიდევ 31 ქვეყანაში ჩაატარა და სიახლოვის მიხედვით ასეთი განლაგება მიიღო:

არაბული ქვეყნები, ინდოეთი, პაკისტანი, ლათინური ამერიკა, სამხრეთ ევროპა, დასავლეთი აზია და ბოლოს, ჩრდილო ევროპა ამერიკასა და ავსტრალიასთან ერთად.

ინგლისელების და ამერიკელების შედარებამ გამოავლინა, რომ ამერიკელები თვალებში მხოლოდ მაშინ უყურებენ ერთმანეთს, როცა იმაში დარწმუნება უნდათ, რომ პარტნიორმა კარგად (სწორად) გაუგო; ინგლისელებისთვის თვალებით კონტაქტი უფრო ჩვეული რამაა: პარტნიორი იმის დასტურად, რომ უსმენს, თვალებს უნდა ახამხამებდეს, მაგრამ, ამასთან, თვალებში დაჟინებით მზერა უხერხულად მიიჩნევა. რუსული კულტურა - პირიქით, არა მარტო არარუსი, არამედ თვით რუს მკვლევართა აღიარებითაც, ყველაზე „თვალებში მომზირალი“ კულტურაა (Стефаненко; 2000; გვ. 160).

იაპონიაში თვალები ურთიერთობის ნაკლებად მნიშვნელადი „ორგანო“ აღმოჩნდა: აქ მიღებული არ არის ერთმანეთისთვის პირდაპირ თვალებში ცქერა; ქალები თვალებში არ უყურებენ მამაკაცებს, მამაკაცები - ქალებს; იაპონელი ორატორი სადღაც გვერდით იყურება, ხოლო ქვეშევრდომი უფროსის საყვედურებს თვალდახრილი ღიმილით უსმენს (Пронников В.А. Ладанов И.Д; 1985).

აღმოჩნდა, რომ კოლექტივისტურ კულტურებში შეხვედრა ნაცნობებს შორის უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ინდივიდუალისტურში (20 წთ საშუალოდ); ისინი, ვინც უფრო ახლოს დგანან ერთმანეთთან, მეგობრობას უფრო მაღალ შეფასებას აძლევენ და თანაც ამტკიცებენ - ასე ახლოს იმიტომ ვზივართ, თანამოსაუბრე რომ მოგვწონსო.

წყვილთა სქესური შემადგენლობის მიხედვით მამაკაცური წყვილები ყველაზე ხშირი იტალიაში აღმოჩნდა და თანაც საკმაოდ ახლოს დგანან ერთმანეთთან, ხოლო შერეული წყვილის წევრები კი ერთმანეთისგან ამერიკაში უფრო შორს დგანან, ვიდრე გერმანიასა და იტალიაში.

როგორ იქცევიან ადამიანები უცხოსთან მიმართებაში?

კოლექტივისტი ინდონეზიელები ექიმის მოსაცდელში იმავე სქესის უცხოთა ახლოს ჯდებიან და საუბარსაც ხშირად აბამენ, ინდივიდუალისტი ავსტრალიელები კი პირიქით - ყველასგან მაქსიმალურად მოშორებულ ადგილს ირჩევენ და სასაუბრო კონტაქტშიც ნაკლებად შედიან.

კულტურა ყველაფერში იჩენს თავს. Iahoda-მ 1982 წ. ისლამურ ქვეყნებში გრძელი ტანსაცმლის სემანტიკა იკვლია და აღმოაჩინა, რომ გრძელი კაბის ტარება აძლიერებს სოციალური ვალდებულებების განცდას; იგივე შეიძლება ითქვას სამხედრო ფორმაზეც, რომელიც ინდივიდუალობის უნიფიცირებას კი ახდენს, მაგრამ სამაგიეროდ წინა პლანზე წამოსწევს იმ სოციალურ ვალდებულებებს, რომლის გამოხატულებაცაა სამხედრო ფორმა - ყველაზე ინდივიდუალისტურ ქვეყნებშიც კი ჯარი განამტკიცებს ურთიერთდამოკიდებულ ღირებულებათა სისტემას.

ინდივიდუალისტურ ქვეყნებში ადამიანი თავის დამოუკიდებლობას სწორედ დიდი ფიზიკური დისტანციით გამოხატავს, და ასე იცავს საკუთარ პიროვნულ სფეროს; ხოლო კოლექტივისტურ კულტურებში ადამიანები უფრო ახლოს დგანან ერთმანეთთან, მაგრამ საკმაოდ დიდ დისტანციას ინარჩუნებენ უცხოელთან მიმართებაში.

სოციალური დისტანცია უნივერსალური კონსტრუქტია და ყველა კულტურის თავისებურებებს აღწერს, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია კულტურის სპეციფიკის გათვალისწინება მისი კვლევისას. მაგალითად, გამოვლინდა, რომ ამ ცნების ავტორის - ბოგარდუსის მიერ შედგენილი კითხვარის შეკითხვები, მაგალითად, „მეზობლად ვისურვებდი…...“, „მეგობრად ვისურვებდი…“, „ოჯახს შევქმნიდი…“ და ა.შ. ამერიკულ კულტურაში მართლაც აღწერს სოციალური დისტანცირებულობის სპეციფიკას, მაგრამ არა ყველა კულტურაში.

ეს ვითარება იმ რეალობასთანაა დაკავშირებული, რომ ჯერ ერთი, ინდივიდი კულტურაში არსებულ ყველა ჯგუფთან არ იდენტიფიცირდება, მეორეც, ჯგუფებს შორის დისტანცია კულტურულად ძალზე სპეციფიურია თავისი შინაარსით - ინდოეთში კასტებს შორის სოციალური დისტანცია და დასავლურ კულტურებში სოციალურ ფენებს შორის დისტანცია სრულიადაც არ არის ერთნაირი დისტანცირებულობა. ამიტომ კონტაქტის ზოგიერთი ფორმა, რომელიც გამოიყენება ერთ კულტურაში სოციალური დისტანციის გასაზომად, შეიძლება უაზრო აღმოჩნდეს მეორეში. მაგალითად, საბერძნეთში Triandis-ის აღწერით, ძალზე მნიშვნელოვანია „პარეა“ ანუ სამეგობრო წრე და „თავის წრეში შეყვანა“ (შესაბამისად, სოციალურ დისტანციას აქ ზომავდნენ სხვა ეროვნების წარმომადგენლის შეყვანაზე თანხმობით ამ სამეგობრო წრეში, ხოლო აშშ-ში - იმაზე თანხმობის ხარისხით, მავანი ნაცნობად რომ ეხილა თავის კლუბში); ინდოეთში სიახლოვის ძალზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია „პირადი ჭურჭლის შეხება“ - ეს ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ შემორჩენილი რიტუალური წაბილწვის ასახვაა; ბუნებრივია, რომ ფსიქოლოგიურ და სოციალურ დისტანციასაც აღწერს ის ფაქტი, ვინმე მავანის ჭურჭელს შეეხო თუ არა. ამგვარად, ინდოეთში ეს კონსტრუქტი რეალურად შეიძლება იქნას გამოყენებული სოციალური დისტანციის საკვლევად, ამერიკაში კი იგი უაზროა; Triandis-ი აღნიშნავს, სრული უაზრობა იქნებოდა ამერიკელის აზრის შესწავლა იმის თაობაზე, მის ჭურჭელს, ვთქვათ, თურქი რომ მიეკაროსო (Triandis H. C. 1994).

No comments:

Post a Comment