ორატორული შესავალი

რა უნდა გააკეთო?
შესავალი ისეთი უნდა იყოს, რომ მსმენელის ყურადღება მიიპყროს. ამასთან ერთად, ის მიზნის მიღწევაში უნდა დაგეხმაროს.
რატომ არის მნიშვნელოვანი?
შესავალზეა დამოკიდებული მოგისმენს თუ არა მსმენელი საერთოდ და რამდენად ყურადღებით მოგისმენს.
შესავალი ნებისმიერი მოხსენების მნიშვნელოვანი ნაწილია. თუ დასაწყისშივე შეძლებ მსმენელის ინტერესის აღძვრას, ის ბოლომდე ყურადღებით მოგისმენს. და პირიქით, თუ უინტერესო შესავლით დაიწყებ, საეჭვოა, რომ ბოლომდე მოგისმინონ. როდესაც  მოხსენებით გამოდიხარ, თუ მსმენელებს თავიდანვე არ დააინტერესებ, ცხადია, ისინი დარბაზს არ დატოვებენ, მაგრამ ფიქრს სხვა რამეზე დაიწყებენ.
როდესაც შესავალს ამზადებ, გაითვალისწინე, რომ შენი მიზანია: 1) მიიპყრო მსმენელების ყურადღება, 2) გამოკვეთო, რაზე იქნება საუბარი და 3) დაანახვო, რატომ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი მათთვის. ზოგ შემთხვევაში ამ სამივე მიზნის მიღწევა თითქმის ერთდროულად შეიძლება, მაგრამ ხანდახან — ცალ-ცალკე და სხვადასხვა თანამიმდევრობით.
როგორ მივიპყროთ მსმენელის ყურადღება. ის ფაქტი, რომ ხალხი დარბაზში მოხსენების მოსასმენად მოდის, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად მოგისმენენ მთელი ყურადღებით. რატომ? იმიტომ რომ, მათი ცხოვრება ათასგვარი საზრუნავითა და საფიქრალითაა სავსე. მათ შეიძლება აწუხებდეთ ოჯახური ან სხვა ცხოვრებისეული პრობლემა. ამიტომ, როგორც მომხსენებელი, რთული ამოცანის წინაშე დგახარ — მიიპყრო და ბოლომდე შეინარჩუნო მსმენელის ყურადღება. ამის გაკეთება სხვადასხვა გზით შეგიძლია.
ინტერესის აღსაძვრელად ეფექტურია სწორად შერჩეული კითხვების დასმა. თუ შენი შეკითხვებით მსმენელი მიხვდება, რომ ახალს არაფერს იტყვი, შეიძლება მოსმენის ინტერესი მალე დაკარგოს. მოერიდე ისეთი კითხვების დასმას, რომლებიც მსმენელს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა ან უარყოფით შუქში წარმოაჩენდა. ეცადე, ისეთი შეკითხვები დასვა, რომ დააფიქრო მსმენელი. ყოველი შეკითხვის შემდეგ პაუზა გააკეთე, რათა მსმენელს პასუხის გააზრების საშუალება მისცე. თუ ისინი იგრძნობენ, რომ გონებით შენთან დიალოგში ჩაებნენ, მიზანი მიღწეულია — მათი ყურადღება შენკენაა მოპყრობილი.
ინტერესის აღსაძვრელი კიდევ ერთი კარგი საშუალება ცხოვრებისეული შემთხვევის მოყოლაა. მაგრამ მიზანს ვერ მივაღწევთ, თუ ეს შემთხვევა დარბაზში მყოფ რომელიმე ადამიანს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს. ასევე უშედეგო იქნებოდა, თუ მსმენელს მოყოლილი შემთხვევა დაამახსოვრდებოდა, მაგრამ ის დაავიწყდებოდა, რის სასწავლებლადაც იყო მოყვანილი ეს შემთხვევა. თუ შესავალში რაიმე შემთხვევას გამოვიყენებთ, ის თემის ძირითად ნაწილში განსავითარებელი რომელიმე მნიშვნელოვანი აზრის საფუძვლად უნდა იქცეს. ზოგჯერ შეიძლება საჭირო გახდეს გარკვეული დეტალების მოშველიება მონათხრობის ცოცხლად გადმოსაცემად, თუმცა ფრთხილად იყავი, რომ ამის გამო ის ძალიან არ გაგიგრძელდეს.
ზოგი მომხსენებელი გამოსვლას რაიმე ახალი ამბით, ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნებული მოკლე ინფორმაციით ან რომელიმე ცნობილი ადამიანის ციტატით იწყებს. შეიძლება ესეც ეფექტური აღმოჩნდეს, თუ ნათქვამი თემისა და მსმენელებისთვის ნამდვილად შესაფერისია.
იმ შემთხვევაში, თუ შენი თემა მოხსენებათა სერიის ან სამსახურებრივი შეხვედრის ნაწილია, უკეთესია მოკლე და კონკრეტული შესავლის გაკეთება. ხოლო თუ საჯარო მოხსენებას კითხულობ, ზუსტად დაიცავი შესავალი ნაწილისთვის გამოყოფილი დრო. მსმენელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ხომ მოხსენების ძირითად ნაწილშია თავმოყრილი.
ხშირად უკეთესია, საუბარი იმით დავიწყოთ, რაც ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. როგორ მივხვდეთ, რა არის მისი საზრუნავი? დააკვირდი, რა საქმით იყო დაკავებული, სანამ გამოელაპარაკებოდი. შეიძლება ბაღში მუშაობდა, ეზოს ასუფთავებდა, ავტომობილს არემონტებდა, საჭმელს ამზადებდა, სარეცხს რეცხავდა ან ბავშვს აძინებდა. იქნებ გაზეთს კითხულობდა ან იმას აკვირდებოდა, რაც ქუჩაში ხდებოდა? რაიმე ნივთი ხომ არ მეტყველებს იმაზე, რომ ის თევზაობით, სპორტით, მუსიკით, მოგზაურობით, კომპიუტერით ან სხვა რამით არის გატაცებული? ბევრისთვის აქტუალური თემა რადიოთი ან ტელევიზიით გადმოცემული ახალი ამბავია. ასეთ საკითხებთან დაკავშირებული შეკითხვა ან მოკლე კომენტარი შეიძლება სასიამოვნო საუბრის საწინდარი გახდეს.

დაანახვე მსმენელს, რატომ არის მისთვის მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი. თუ კრების წინაშე მოხსენებას კითხულობ, შეგიძლია მოელოდე, რომ თემა, როგორც ასეთი, აუდიტორიისთვის საინტერესო იქნება. მაგრამ მოგისმენენ თუ არა ისინი ისე, როგორც ამას გააკეთებდა ადამიანი, რომელსაც პირადად შეეხებოდა შენ მიერ წარმოთქმული სიტყვები? მოგისმენენ სულგანაბულნი იმიტომ, რომ შენი სიტყვები მათ ყოველდღიურ ცხოვრებასთან იქნება დაკავშირებული და კონკრეტული ზომების მიღების სურვილს გაუღვივებს? ეს ნამდვილად ასე იქნება, თუ მოხსენების მომზადებისას — შემდეგ კი შესავალში — გაითვალისწინებ, ვინ იქნება შენი მსმენელი, რა პირობებში უწევთ მათ ცხოვრება, რა სირთულეებს ხვდებიან და როგორი შეხედულებები აქვთ.
ფართო აუდიტორიის წინაშე გამოდიხარ თუ პირადად ესაუბრები ვინმეს, ორივე შემთხვევაში, დაანახვე მსმენელს, რომ განსახილველი საკითხი უშუალოდ მას ეხება — ეს ინტერესის აღსაძრავად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ნათლად აჩვენე, როგორ არის შენი თემა დაკავშირებული მათ პრობლემებთან, მოთხოვნილებებთან და კითხვებთან. თუ ისინი თვალნათლივ დაინახავენ, რომ ზოგადი აზრებით შემოფარგვლის ნაცვლად კონკრეტულ საკითხებს შეეხები, უფრო დიდი ყურადღებით მოგისმენენ. ამისათვის კი კარგი მომზადებაა საჭირო.
როგორ უნდა წარმოთქვა შესავალი. თავისთავად ცხადია, ის, რაც შესავალში უნდა თქვა, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ, ინტერესის აღსაძრავად არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორ იტყვი ამას. ამიტომ მომზადებისას მხოლოდ იმაზე კი არ უნდა იფიქრო, თუ რა თქვა, არამედ იმაზეც — როგორ თქვა.
მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია სიტყვების სწორად შერჩევა. ამიტომ კარგი იქნებოდა, პირველი ორი-სამი წინადადება განსაკუთრებით მოგემზადებინა. საუკეთესოა მოკლე და მარტივი წინადადებების გამოყენება. თუ მოხსენებას კრებისთვის ამზადებ, შეგიძლია ან ჩაიწერო შესავალი, ან ზეპირად წარმოთქვა. ასეთნაირად, შესავალი სიტყვები მსმენელზე სასურველ გავლენას მოახდენს. შესავალი სიტყვები აუჩქარებლად გადმოეცი, რათა აუღელვებლად და მშვიდად განაგრძო მოხსენების წარმოთქმა.
როდის უნდა მომზადდეს შესავალი. ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ზოგი გამოცდილი მომხსენებელი თვლის, რომ მოხსენების მომზადება შესავლით უნდა დაიწყოს. სხვები, რომლებიც ორატორულ ხელოვნებას დაეუფლნენ, იმ აზრს იზიარებენ, რომ შესავალი თემის ძირითადი ნაწილის მომზადების შემდეგ უნდა იქნეს მოფიქრებული.
ცხადია, შესაფერისი შესავლისთვის საჭირო დეტალების მოსაფიქრებლად აუცილებელია იცოდე, რის შესახებ ილაპარაკებ და რომელ მთავარ აზრებს განავითარებ თემაში. მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევაში, თუ მოხსენებას გეგმის მიხედვით ამზადებ? თუ გეგმის წაკითხვის შემდეგ შესავალთან დაკავშირებით რაიმე იდეა გაგიჩნდება, კარგი იქნება, თუ ამ ვარიანტს ჩაიწერ. ნუ დაგავიწყდება, რომ ეფექტური შესავლისთვის უნდა გაითვალისწინო მოხსენების გეგმაში მოცემული მასალა და ისიც, თუ ვინ იქნება შენი მსმენელი.
როგორ უნდა მოამზადო შესავალი
იფიქრე მსმენელებზე — ვინ არიან, რა პირობებში უწევთ ცხოვრება, რა აწუხებთ, როგორი შეხედულებები აქვთ და რამდენად ნაცნობია მათთვის საკითხი, რომელზეც უნდა ელაპარაკო.
განსაზღვრე, რა შეიძლება იყოს შენს თემაში მსმენელისთვის განსაკუთრებით საინტერესო და სასარგებლო.

No comments:

Post a Comment