თავდაჭერილობა

რა უნდა გააკეთო?
შენი მოძრაობა და ლაპარაკი უნდა მოწმობდეს, რომ სიმშვიდეს ინარჩუნებ და საკუთარი ღირსების გრძნობა გაქვს.
რატომ არის მნიშვნელოვანი?
თავდაჭერილი თუ იქნები, მსმენელს გაუადვილებ, ყურადღება შენს ნათქვამზე გაამახვილოს და არა პირადად შენზე.
სავსებით ბუნებრივია ნერვიულობა სცენაზე გამოსვლამდე, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ხშირად არ უწევს გამოსვლა.  „არ ვიცი, როგორ ვილაპარაკო, მე ხომ ყმაწვილი ვარ“.
თავდაჭერილი გამომსვლელი სიმშვიდეს ინარჩუნებს. მისი სიმშვიდის გარეგნული ნიშნებია ბუნებრივი და მდგომარეობის შესაფერისი პოზა, ხელების სათანადოდ მოძრაობა და გამომეტყველებით, აუღელვებლად ლაპარაკი.
თუ ფიქრობ, რომ თავდაჭერილი მომხსენებელი არა ხარ, გულს ნუ გაიტეხ. გაუმჯობესება შესაძლებელია. როგორ? ვნახოთ, რატომ ღელავს მომხსენებელი და რატომ აკლია თავდაჭერილობა. ერთ-ერთი მიზეზი ორგანიზმში მიმდინარე პროცესებია.
როდესაც გვინდა რამე კარგად გავაკეთოთ, მაგრამ დარწმუნებული არა ვართ საკუთარ ძალებში, ჩვეულებრივ, ვღელავთ. ამის შედეგად, ტვინი სხეულს იმპულსებს გადასცემს, რომ ჭარბად გამოიყოს ადრენალინი. ეს იწვევს გულისცემის აჩქარებას, სუნთქვის რეჟიმის შეცვლას, ჭარბ ოფლიანობას და ზოგჯერ ხელების, მუხლებისა და ხმის კანკალს. სხეული მეტი ენერგიის გამოყოფით გვეხმარება, თავი გავართვათ სირთულეს. მთავარია, ვიცოდეთ, როგორ გამოვიყენოთ მოჭარბებული ენერგია ჩვენ სასარგებლოდ იმისათვის, რომ ენთუზიაზმით ვილაპარაკოთ.
რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ ნაკლებად აღელდე. გახსოვდეს, რომ ოდნავ აღელვება სავსებით ნორმალურია, მაგრამ თავდაჭერილობა ნიშნავს იმას, რომ ნაკლებად აღელდე, მშვიდად გაართვა თავი სირთულეს და თავი ღირსეულად გეჭიროს. რა დაგეხმარება ამაში?
კარგად მოემზადე. დრო გამოყავი მოსამზადებლად. კარგად გაერკვიე განსახილველ თემაში. თუ შენზეა დამოკიდებული, რა აზრებს განიხილავ, მხედველობაში მიიღე შენი მიზანი და ის, თუ რა იცის მსმენელმა მოცემული საკითხის შესახებ. ამგვარად ნამდვილად ფასეულ მასალას მოამზადებ. თავიდან თუ გაგიჭირდა, გამოცდილ მომხსენებელს სთხოვე, დაგეხმაროს მასალის გაანალიზებაში, რათა კონკრეტული მსმენელისთვის სასარგებლო გახადო. როდესაც გარკვევით გექნება ჩამოყალიბებული აზრები და დარწმუნებული იქნები, რომ მომზადებული მასალა მსმენელს გამოადგება, ინფორმაციის გაზიარების სურვილი მღელვარებას გადაფარავს.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე შესავალს. მოიფიქრე, რა სიტყვებით დაიწყებ ლაპარაკს. პირველი სიტყვების შემდეგ, ალბათ, თანდათანობით ნაკლებად ინერვიულებ.
შეიძლება იფიქრო, რომ უფრო თავდაჭერილი იქნები, თუ კრებაში სცენაზე გამოსვლის დროს მზა ტექსტს გამოიყენებ, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება უფრო მეტადაც კი აღელდე. მართალია, ზოგი მომხსენებელი დაწვრილებით ჩანაწერებს იყენებს, ზოგი კი — მოკლეს, მაგრამ სიმშვიდის შენარჩუნებასა და ყურადღების მასალაზე გადატანაში სიტყვების ფურცელზე დაწერა კი არ დაგეხმარება, არამედ იმის რწმენა, რომ შენ მიერ მომზადებული მასალა მსმენელს ნამდვილად გამოადგება.
ხმამაღლა გაიმეორე. მომზადებული მასალის ხმამაღლა გამეორება დაგარწმუნებს, რომ ნამდვილად შეგიძლია აზრების სიტყვიერად გადმოცემა. უფრო მეტიც, ინფორმაცია მეხსიერებაში ჩაგებეჭდება და გამოსვლის დროს ადვილად შეძლებ გახსენებას. წარმოიდგინე შენი გამოსვლა, მსმენელი. ფეხზე დადექი ან სკამზე დაჯექი იმისდა მიხედვით, თუ როგორ მოგიწევს კრებაში მასალის გადმოცემა.
შეიძინე გამოცდილება. რაც უფრო ხშირად მიიღებ მონაწილეობას გამოსვლებში, მით უფრო ნაკლებად აღელდები. რაც უფრო მეტ შეკითხვას გასცემ პასუხს კრების შეხვედრაზე, მით უფრო გაგიადვილდება მსმენელის წინაშე ლაპარაკი. რაც უფრო ხშირად გამოხვალ კრებაში, მით უფრო ნაკლებად ინერვიულებ გამოსვლამდე. გსურს სცენაზე უფრო ხშირად გამოსვლა? თუ ასეა, მაშინ ყოველთვის მზად იყავი საჭიროების შემთხვევაში გამომსვლელის შესაცვლელად.
ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯების გადადგმის შემდეგ კარგი იქნება, გაეცნო იმას, თუ რაში ვლინდება აღელვება. თუ გეცოდინება, რაში გამოიხატება ნერვიულობა და როგორ მოიქცე ასეთ შემთხვევებში, ლაპარაკის დროს უკეთ შეძლებ თავის დაჭერას. როგორც წესი, ნერვიულობა ვლინდება მოქმედებაში ან ხმაში.
ნიშნები, რომლებიც მოქმედებაში ვლინდება. როგორც თავდაჭერილობა, ისე ნერვიულობა დგომაში, მიხრა-მოხრასა და ხელების მოძრაობაში შეინიშნება. პირველ რიგში, ყურადღება მიაქციე ხელებს. ხელების ზურგს უკან დაწყობა; ხელებჩამოშვებული გაუნძრევლად დგომა; კათედრას ჩაბღაუჭება; პერიოდულად ხელების ჯიბეებში ჩაწყობა და ამოღება; ღილის შეკვრა და შეხსნა; უმიზეზოდ ხელის ლოყაზე, ცხვირზე ან სათვალეებზე მოკიდება; მაჯის საათით, ფანქრით, ბეჭდით ან ჩანაწერებით თამაში; უხერხული და დაუსრულებელი ჟესტები — ყოველივე ეს იმის ნიშანია, რომ გამომსვლელს თავდაჭერილობა აკლია.
მღელვარების ნიშანი იქნება ისიც, თუ მოუსვენრად იდგები; ხან ერთ ფეხს დაეყრდნობი და ხან მეორეს. აგრეთვე, თუ არაბუნებრივად გაიჭიმები, მეტისმეტად მოდუნდები, ხშირად დაისველებ ტუჩებს, ხშირად გადაყლაპავ ნერწყვს ან თუ სწრაფად და ზედაპირულად ისუნთქებ.
თუ ამ ნიშნებს ყურადღებას მიაქცევ, მსმენელი შენს აღელვებას ნაკლებად შენიშნავს. თითოეულ ნიშანზე ცალ-ცალკე იმუშავე. დაუკვირდი, რაში ავლენ მღელვარებას და დაფიქრდი, რა შეგიძლია გააკეთო იმისათვის, რომ ეს პრობლემა დაძლიო. თუ ძალ-ღონეს მოახმარ, ისწავლი საკუთარი თავის მართვას.
ნიშნები, რომლებიც ხმაში ვლინდება. შესაძლებელია, ნერვიულობის დროს ხმა გიწვრილდება, გიკანკალებს ან ჩვევად გაქვს ხშირი ჩახველება და სწრაფი ლაპარაკი. ამას გადაეჩვევი, თუ ყოველმხრივ შეეცდები საკუთარი ხმის დამორჩილებას.
თუ აღელვებული ხარ, სცენაზე გასვლამდე რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქე. შეეცადე მთელი სხეულის მოდუნებას. ყურადღება არ გაამახვილო ნერვიულობაზე. იფიქრე იმაზე, თუ რატომ გსურს მომზადებული ინფორმაციის მსმენელისთვის გაზიარება. ლაპარაკის დაწყებამდე აუდიტორიისკენ გაიხედე, რამდენიმე კეთილგანწყობილი მსმენელი შეარჩიე და გაუღიმე. თავიდან ნელა ილაპარაკე და შემდეგ თანდათანობით სულითა და გულით ჩაერთე მოხსენებაში.
რას უნდა მოელოდე. ნუ იფიქრებ, რომ საერთოდ აღარ ინერვიულებ. ბევრი გამოცდილი მომხსენებელი ყოველი გამოსვლის წინ ნერვიულობს. მათ, უბრალოდ, იციან საკუთარი ემოციების მართვა.
თუ შეეცდები, გარეგნულად ნაკლებად გამოავლინო შინაგანი განცდები, მსმენელი თავდაჭერილ მომხსენებლად მიგიჩნევს. შეიძლება, შინაგანად ისევ ნერვიულობდე, მაგრამ ამას ვერავინ შენიშნავს.
გახსოვდეს, რომ ადრენალინი, რომლის ჭარბად გამოყოფის შედეგიცაა მოქმედებასა თუ ხმაში გამოვლენილი ნიშნები, ენერგიის მოზღვავებასაც იწვევს. ეს ენერგია ენთუზიაზმით ლაპარაკისთვის გამოიყენე.
ამ რჩევების გამოსაყენებლად ნუ დაელოდები სცენაზე გამოსვლას. შეეცადე, ყოველთვის თავდაჭერილი და გაწონასწორებული იყო, აგრეთვე ლაპარაკის დროს სათანადოდ გამოხატო გრძნობები. ამით საკუთარი თავის რწმენა შეგემატება და უფრო თავდაჭერილი იქნები სცენაზე გამოსვლის დროს — მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია.
რა არის საჭირო თავდაჭერილობისთვის
კარგად მოემზადე.
მასალა ხმამაღლა გაიმეორე.
დაუკვირდი, რაში ავლენ მღელვარებას და დაფიქრდი, როგორ შეგიძლია საკუთარი თავის მართვა.

No comments:

Post a Comment