მხედველობითი კონტაქტი

რა უნდა გააკეთო?
შეხედე და, თუ შენს კულტურაში მისაღებია, რამდენიმე წამით თვალი გაუსწორე მსმენელს. უყურე არა ერთიან ჯგუფს, არამედ ცალკეულ ადამიანებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი?
ბევრ ქვეყანაში მხედველობითი კონტაქტი მოსაუბრით დაინტერესების ნიშნად ითვლება. მხედველობითი კონტაქტი იმაზეც მეტყველებს, რომ დარწმუნებული ხარ საკუთარი სიტყვების სისწორეში.
თვალებით შეგვიძლია განწყობილება და გრძნობები გამოვხატოთ. ზოგჯერ ადამიანის თვალებში გაოცება ან შიში ჩანს, ზოგჯერ კი მათში თანაგრძნობასა და სიყვარულს ვხედავთ. თვალებმა შეიძლება გაგვცენ, რომ რაღაცაში ეჭვი გვეპარება ან რაღაცის გამო დამწუხრებული ვართ. ერთმა ხნიერმა მამაკაცმა საკუთარი თავისა და გატანჯული თანამემამულეების შესახებ აღნიშნა: „ჩვენ თვალებით ვლაპარაკობთ“.
ზოგჯერ ადამიანს გარკვეული წარმოდგენა ექმნება პირადად ჩვენზე ან ჩვენს სიტყვებზე იმით, თუ ლაპარაკის დროს საით ვიხედებით. ბევრ ქვეყანაში ენდობიან ადამიანს, რომელიც მეგობრულად თვალებში შეჰყურებს მოსაუბრეს. იმ შემთხვევაში კი, თუ ვინმე ლაპარაკის დროს ძირს იყურება და თვალს ვერ უსწორებს მსმენელს, ხშირად ეჭვი შეაქვთ მის გულწრფელობასა და ნათქვამის სიმართლეში. ზოგ ქვეყანაში უხეშობად, შეურაცხმყოფლად ან გამომწვევად ითვლება თვალის თვალში გაყრა, განსაკუთრებით კი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან ან თანამდებობის პირთან საუბრის დროს. ზოგან უპატივცემულობად ითვლება, თუ ახალგაზრდა ლაპარაკის დროს თვალებში უყურებს თავისზე უფროსს.
იქ, სადაც თვალის გასწორებას შეურაცხყოფად არ მიიჩნევენ, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემისას მხედველობითი კონტაქტის დამყარება დამაჯერებლობას მატებს ნათქვამს; მსმენელი ხედავს, რომ მოსაუბრე დარწმუნებულია თავის სიტყვებში.
თუ შენს ქვეყანაში მიღებულია, შეგიძლია ადამიანს თვალების გამომეტყველებაზე დააკვირდე და განსაზღვრო, როგორ მოიქცე კონკრეტულ შემთხვევაში. მსმენელის თვალების გამომეტყველება დაგანახვებს, უკმაყოფილოა თუ არა შენი ნათქვამით, ან ნამდვილად აინტერესებს თუ არა ის, რასაც ეუბნები. თვალები გეტყვიან იმასაც, ესმის თუ არა ამ ადამიანს შენი; შენიშნავ, ერთი სული აქვს თუ არა, როდის დაამთავრებ საუბარს. არც გულწრფელი ინტერესის გამომხატველი თვალები დაგრჩება შეუმჩნეველი. მსმენელის თვალების გამომეტყველება გიკარნახებს, როდის აჯობებს ლაპარაკის ტემპის შეცვლა, საუბარში მისი ჩაბმა, საუბრის საერთოდ შეწყვეტა.
ვიდრე ლაპარაკს დაიწყებდე, შეხედე აუდიტორიას და მცირე პაუზა გააკეთე. შეგიძლია რამდენიმე ადამიანს თვალი გაუსწორო. ასეთი მცირე შეყოვნების შემდეგ ნაკლებად აღელვებული წარმოთქვამ პირველ სიტყვებს. პაუზა მსმენელებსაც დაეხმარება; შენი განწყობა და ემოციები მათაც გადაედება. გარდა ამისა, ეს მათ მისცემს მოსასმენად განწყობისა და ყურადღების მოკრების საშუალებას.
ლაპარაკის დროს უყურე მსმენელს. შეეცადე, მსმენელთა ჯგუფი კი არ დაინახო, არამედ ამ ჯგუფში მყოფი ცალკეული ადამიანები. თითქმის ყველა ქვეყანაში მიღებულია, რომ მომხსენებელმა გარკვეული მხედველობითი კონტაქტი დაამყაროს მსმენელთან.
აუდიტორიასთან მხედველობითი კონტაქტის დასამყარებლად საკმარისი არ არის, დროდადრო ხან ერთ მხარეს გაიხედო, ხან — მეორე მხარეს. თუ შენს ქვეყანაში მისაღებია, პატივისცემით შეხედე ერთ ადამიანს და მთელი წინადადება მას უთხარი. შემდეგ სხვას შეხედე და დაასრულე ერთი-ორი წინადადება. იმდენ ხანს არ შეაჩერო ვინმეზე მზერა, რომ თავი უხერხულად იგრძნოს. არც მხოლოდ რამდენიმე კაცი გამოყო მთელ აუდიტორიაში. შეეცადე, სხვადასხვა ადამიანს შეხედო. ფორმალურად კი ნუ შეხედავ მსმენელს, არამედ დააკვირდი მის რეაქციას და შემდეგ გადაიტანე მზერა მომდევნო მსმენელზე.
ჩანაწერები შეგიძლია კათედრაზე დადო ან ხელში დაიჭირო. მთავარია, მისთვის მხოლოდ თვალის შევლება დაგჭირდეს. თუ თავს დახრი, აუდიტორიასთან კონტაქტი გაგიწყდება. ყურადღება უნდა მიაქციო იმას, თუ როდის და რამდენად ხშირად ჩაიხედები ჩანაწერებში. თუ კულმინაციურ მომენტებში დაიწყებ ჩანაწერებში ყურებას, შენი სიტყვები სასურველ ეფექტს ვერ მოახდენს მსმენელზე და ვერც მსმენელის რეაქციას დაინახავ. აუდიტორიასთან კონტაქტი იმ შემთხვევაშიც გაგიწყდება, თუ ჩანაწერებში ხშირად ჩაიხედები.
როცა ვინმეს ბურთს ვუგდებთ, ვუყურებთ, იჭერს თუ არა მას. მოხსენების დროს გადაცემული თითოეული აზრი შეიძლება აუდიტორიისკენ გადაგდებულ ბურთს შევადაროთ. მსმენელის რეაქცია — თავის დაქნევა, ღიმილი ან ყურადღებით მზერა — დაგანახვებს, რომ მან აზრი „დაიჭირა“. მსმენელთან თუ კარგი მხედველობითი კონტაქტი გექნება, ადვილად შენიშნავ, „იჭერს“ თუ არა ის აზრებს.
რა უნდა გახსოვდეს
ილაპარაკე ბუნებრივად და მეგობრულად; გულწრფელი ინტერესი გამოავლინე მსმენელისადმი.
კითხვის დროს ტექსტი ხელში გეჭიროს და თავი აწეული გქონდეს, რათა აუდიტორიისკენ გახედვის დროს თავის აწევა აღარ დაგჭირდეს.
სავარჯიშო: ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან საუბრის დროს შეეცადე, რაც შეიძლება ხშირად დაამყარო მხედველობითი კონტაქტი. გაითვალისწინე ადგილობრივი ტრადიციები.

No comments:

Post a Comment